სტატია V
სტატიის მისამართის ბმული: http://mastsavlebeli.ge/?p=21732&fbclid=IwAR0jNYJYOtB8nnfj1bYyVUxm1MUTUjE0gLa89y29yIIV6jf3Xrzc3TdkIus
დისკუსია და კრიტიკული აზროვნების განვითარება
ქართული ენისა და ლიტერატურის ეფექტური სწავლება მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, გაკვეთილი გახადოს საინტერესო, საკლასო ოთახი ყოველი მოსწავლისთვის უნდა იყოს თვითრეალიზაციის კომფორტული სივრცე, სადაც მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას თანაკლასელები მოისმენენ, დაეთანხმებიან ან არ დაეთანხმებიან.
საშუალო საფეხურის მოსწავლეებში პრობლემაზე მუშაობის, მისი გადაწყვეტის გზების ძიების, მსჯელობისა და არგუმენტაციის, განსხვავებული თვალსაზრისის მოსმენისა და მიღების უნარის გასავითარებლად ყველაზე ხშირად მივმართავ სასწავლო დისკუსიის ფორმას, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ვატარებ, ხან მცირე სადისკუსიო ჯგუფებში, ხან კი – მთელ კლასთან.
დისკუსია ეფექტურია, თუ გამოიკვეთება პრობლემის მოგვარების არაერთი გზა, გამოსავალი, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა შესაძლებლობიდან მათთვის მისაღები, რაციონალური და ყველაზე ეფექტური გზის არგუმენტირებულად დასაბუთება.
უმნიშვნელოვანესია, მასწავლებელმა კლასის მზაობის გათვალისწინებით სწორად, წინასწარ შეარჩიოს სადისკუსიო თემა. კლასის ყველა მოსწავლეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარმოდგენა სადისკუსიო საკითხზე, რათა მსჯელობა იყოს თანმიმდევრული და მკაფიო. რაც უფრო სიღრმისეულად იციან მოსწავლეებმა სადისკუსიო საკითხი, მით უფრო საინტერესოა პრობლემის გადაჭრის მათეული ვარიაციები. ისინი ზოგჯერ გვთავაზობენ ისეთ გამოსავალს, რომელზეც არ გვისაუბრია თემის შესწავლის ადრეულ ეტაპზე.
რომელი რესურსები გამოვიყენოთ?
- დისკუსიის საწყის ფაზაზე ცოდნის სისტემატიზებისათვის ეფექტურია კლასტერების გამოყენება, რაც ხელს უწყობს სადისკუსიო საკითხის კონკრეტიზებას. მოსწავლეთა მიერ აზრის გამოთქმის კვალდაკვალ მასწავლებელს შეუძლია შეავსოს კლასტერების თავისუფალი სივრცეები. მოსწავლეები ასე უკეთ ხედავენ, რომ მათი შეხედულება გათვალისწინებულია;
- დისკუსიის სწორად წარმართვის აუცილებელი პირობაა წესებისა და დისკუსიის შეფასების რუბრიკის წინასწარი ცოდნა. მასწავლებელს შეუძლია შეიმუშაოს სტანდარტული რუბრიკა, რომელიც ამა თუ იმ საფეხურზე სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მეთოდის გამოყენებისას გამოადგება. კარგი იქნება, თუ მოსწავლეებისათვის სტანდარტული წესები და შეფასების კრიტერიუმები კარგად ნაცნობი და არაერთგზის გამოყენებული იქნება;
- მცირე ზომის ხმოვანი სიგნალი (პატარა ზომის ზარი, წკრიალა და სხვ.) გვეხმარება ზედმეტი შენიშვნის გარეშე ვმართოთ დისკუსიისას მოსწავლეების მიერ გამოყენებული დრო და ასევე ვანიშნოთ მოსწავლეს თემიდან გადახვევის შესახებ.
როგორ შევქმნათ მოსწავლისათვის კომფორტული ფსიქო-ემოციური გარემო?
- მოსწავლეებმა დასაწყისშივე უნდა იცოდნენ, რომ აქვთ აზრის გამოთქმის თავისუფლება კონკრეტულ დროში;
- დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათ მიერ გამოთქმული არცერთი მოსაზრება არ იქნება უარყოფილი, თუ არგუმენტებით იქნება გამყარებული;
- მნიშვნელოვანია, დისკუსიის მონაწილეებმა თავად დასვან კითხვები თანაკლასელების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რათა დისკუსიის პროცესი არ იყოს მხოლოდ „ჩემი აზრის გამოთქმის“ საშუალება, არამედ გადაიქცეს დავის პირობებში საუკეთესო იდეის მიგნების პროცესად;
- მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს საკუთარი მოსაზრების გამოთქმისაგან, რათა არ განსაზღვროს დისკუსიის მიმართულება;
- პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, შეაფასონ დისკუსიის მსვლელობა. მასწავლებელი ასე უკეთ გაეცნობა მოსწავლეთა სურვილებსა და შენიშვნებს როგორც პროცედურასთან, ასევე შინაარსთან დაკავშირებით, რასაც გაითვალისწინებს მომდევნო გაკვეთილებზე. ასეთად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის გაკვეთილის რეფლექსია/კითხვარი.
გთავაზობთ XI კლასში ჩატარებული გაკვეთილის გეგმას, რომელზედაც ერთ-ერთ ძირითად აქტივობად საკლასო დისკუსია გამოვიყენე.
თემა: დისკუსია – რომელ ადათს მისდიოს პიროვნებამ, თუ ის თემის საუკეთესო შვილია?
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს, მხატვრული ტექსტების პერსონაჟების ქმედების შეფასება-გააზრება; წარმოსახვითი უნარების გააქტიურება; გამოხატოს პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულება; გააანალიზოს გარემოს/თემის როლი პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; საკუთარი ინტერპრეტაციით წარდგეს აუდიტორიის წინაშე; ჩამოაყალიბოს არგუმენტები საკუთარი შეხედულების დასადასტურებლად; იმუშაოს კოლაბორაციულ გარემოში; გამართოს დისკუსია თანაკლასელებთან.
კავშირი ესგ-სთან:
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება;
ქართ. XI. 4. ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს;
ქართ. XI. 5. სხვადასხვა ეპოქის ტექსტის გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;
ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
№ | აქტივობის აღწერა | გამოყენებული მეთოდები | კლასის ორგანიზების ფორმა | სასწავლო რესურსები | დრო (წთ) |
1 | საორგანიზაციო საკითხები – სიის ამოკითხვა.
გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
წინარე ცოდნა: მოსწავლეები სწავლობენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას; შესწავლილი აქვთ პოემები: „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ბახტრიონი“; აანალიზებენ ეპოქას; შეუძლიათ დასკვნებისა და შეხედულებების ჩამოყალიბება სადისკუსიო თემის შესახებ.
| საკლასო | შეფასების კრიტერიუმი (დანართი №1 სქემა №1, 2). | 2წთ. | |
2 | მოსწავლეები სხედან ჯგუფებად. მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიპჩარტს, რომელზეც გამოსახულია სადისკუსიო საკითხი:
რომელ ადათს მისდიოს გმირმა – სტუმართმოყვარეობისა თუ სისხლის აღებისა, ვაჟკაცის პატივისცემისა თუ მკლავის მოკვეთისა?
მოსწავლეებს ურიგებს ფლიპჩარტებს გრაფიკული მაორგანიზებლებით. მასწავლებელი სთხოვს მათ, ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულება ვაჟას პოემებში განვითარებული მოვლენების მიხედვით მოცემულ საკითხზე და დაასაბუთონ იგი იმის გათვალისწინებით, რომ ვაჟას ყველა დადებითი (პროტესტის გამომხატველი) პერსონაჟი თემის „კარგი“ შვილია.
| ანალიზი გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენებით | საკლასო | ფლიპჩარტი სქემებით. სადისკუსიო საკითხი. სახელმძღვანელო – როდონაია, ნაკუდაშვილი, არაბული, ხუციშვილი, დათაშვილი ქართული ენა და ლიტერატურა. სწავლანი.2015 | 3 წთ. |
3 | მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში სადისკუსიო თემის არგუმენტირებული დასაბუთებისათვის.
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, დაასაბუთონ, რა ამოძრავებს პიროვნებას, როდესაც არ ეგუება თემის მიერ დადგენილ ამა თუ იმ წესს და რატომ არის თემი ხშირად ჩამოუყალიბებელი თავის გადაწყვეტილებებში; როგორ აგნებს ადამიანი საკუთარ თავს მტერთან ჭიდილში?
| ანალიზი; შედარება-შეპირისპირება | ჯგუფური | ფლიპჩარტი სქემებით, მარკერები, სახელმძღვანელო | 8 წთ. |
4 | სადისკუსიო თემის პრეზენტაცია.
მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს განმავითარებელ უკუკავშირს და აფასებს პრეზენტატორებს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის მიხედვით.
| პრეზენტაცია | პრეზენტატორი ჯგუფის მხარდაჭერით | ფლიპჩარტი სქემებით | 12 წთ. |
5 | საკლასო დისკუსია
მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა მიერ წარდგენილ მასალას.
აცნობს მოსწავლეებს ხალხურ ბალადას „შიოლა და მთრეხელი“, რომელშიც გადმოცემულია ისტორია, როგორ იფარებს მოკლულის, შიოლა ღუდუშაურის, და მკვლელს, როგორ ვითარდება მოქმედება ტრაგიკული ისტორიის შემდეგ.
მოსწავლეებმა კლასის ფარგლებში (არა ჯგუფურად) უნდა იმსჯელონ და განიხილონ მთავარი სადისკუსიო თემა – რატომ არ არის თემი ყოველთვის თანმიმდევრული და როგორ მოიქცეს პიროვნება რთულ ვითარებაში?
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ და მიაგნონ გამოსავალს პიროვნებისათვის რთულ გარემოებებში; გადმოსცენ მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა უდევს საფუძვლად კონფლიქტს პიროვნებასა და თემს შორის.
მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეების მიერ წარმოთქმულ შეხედულებებს და აფასებს მათ დისკუსიის შეფასების კრიტერიუმებით.
| დისკუსია | საკლასო | 19 წთ. | |
6 | საშინაო დავალება –
ესეი: რა უწყობს ხელს საზოგადოების განვითარებას?
| საკლასო | 1 წთ. |
გაკვეთილი დავიწყე მაპროვოცირებელი შეკითხვით – რომელ ადათს მისდიოს გმირმა – სტუმართმოყვარეობისა თუ სისხლის აღებისა, ვაჟკაცის პატივისცემისა თუ მკლავის მოკვეთისა? მოსწავლეებს შევახსენე, რომ ვაჟას პოემებში წარმოდგენილი თემი საინტერესო და თვითმყოფადი ინსტიტუტია, თუმცა, როგორც უკვე არაერთხელ ვნახეთ, იგი სავსეა წინააღმდეგობებით. სწორედ ასეთი წინააღმდეგობების გაანალიზება გრაფიკული მაორგანიზებლებით მოსწავლეთათვის პირველი დავალება იყო. მათ შეძლეს მკაფიო და ეფექტური პრეზენტაციის მომზადება ჯგუფებში. ჩამოაყალიბეს აზრი, რომ თემში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი და შეუთანხმებელი წესები და ტრადიციები.
ამის შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი ხალხური ბალადა „შიოლა და მთრეხელი“, რომელშიც გადმოცემულია ისტორია, როგორ იფარებს მოკლულის, შიოლა ღუდუშაურის და ძმის მკვლელს, როგორ ვითარდება მოქმედება ტრაგიკული ისტორიის შემდეგ. ტექსტი წარმოადგენს საინტერესო რესურსს ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში არსებული მნიშვნელოვანი იდეების გასაცნობად, რამაც გაუადვილა მოსწავლეებს მხატვრულ ტექსტებში დასმული პრობლემების აღქმა-გააზრება დისკუსიის ფორმატში. იმსჯელეს თემაზე, რა უნდა იღონოს ინდივიდმა, რომ იპოვოს რთული მდგომარეობიდან მორალურ-ზნეობრივი გამოსავალი ისე, რომ თემი დარჩეს ისეთივე მნიშვნელოვან ინსტიტუტად, როგორიც იყო ასეულობით წლის განმავლობაში.
დისკუსია წარიმართა წინასწარ განსაზღვრული წესებისა და შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით. იყო ძალიან საინტერესო და ეფექტური.
დისკუსიას, როგორც მნიშვნელოვან სასწავლო მეთოდს, წარმატებით იყენებენ მასწავლებლები სხვადასხვა დისციპლინების სწავლებისას, რადგან მისი მიზანი, განავითაროს მოსწავლის კრიტიკული აზროვნება, განსხვავებული აზრის მოსმენის, არგუმენტირებისა და მსჯელობის უნარები, მნიშვნელოვანია ყველა საგნის სწავლებისას.
გამოყენებული ლიტარატურა:
ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი http://ncp.ge/ge/curriculum?class=33&pos1=500
ქართველი მწერლები სკოლაში; ვაჟა-ფშაველა, პოემები. II ნაწილი. თბილისი. 2001
სტატია IV
სტატიის მისამართის ბმული: http://mastsavlebeli.ge/?p=21755&fbclid=IwAR0jNYJYOtB8nnfj1bYyVUxm1MUTUjE0gLa89y29yIIV6jf3Xrzc3TdkIus
მარტივი პასუხები რთულ კითხვებზე
15 მაისი, 2019 თამარ ქუთათელაძე
a- A+
მოზარდებს მოზარდობის პერიოდში აქვთ გარკვეული კითხვები: რა ხდება ჩემ ირგვლივ? როგორ იქცევიან სხვები? რა მომწონს მე? რა განმასხვავებს სხვებისგან? რას წარმოვადგენ ამ საზოგადოებაში? ამ კითხვებზე პასუხები დიდწილად განსაზღვრავს პიროვნების ფორმირებას, უყალიბებს მას საზოგადოებაში არსებული რეალობის, პრობლემების აღქმა-შეფასებისა თუ სიკეთის მიმღებლობის უნარს. აღქმა კი ყოველთვის ერთნაირი არ არის, სამწუხაროდ, ხშირად დამახინჯებულია. ამიტომაც მოზარდებს სკოლისა და მშობლების დახმარება სჭირდებათ, ჩვენ კი – მათზე პასუხისმგებლობის განცდის ამაღლება.
სოციალურ-კულტურული გარემო მოზარდის კოგნიტური განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობად მიიჩნია ცნობილმა ფსიქოლოგმა ლევ ვიგოტსკიმ (1896-1934). მისი აზრით, სწორედ ამ ასაკში იძენს მოზარდი თვითრეგულირების უნარს, ხოლო სოციალური კომუნიკაცია განსაზღვრავს ბავშვის განვითარებას. მნიშვნელოვანი ცნება ვიგოტსკის თეორიაში არის MKO (More Knowledgeable Other) – მეტად მცოდნე სხვა, ე.ი. ჩვენ, მასწავლებლები და მშობლები.
ცნობილი შევეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს (1896-1980) აზრით, ბავშვი თვითმოტივირებული არსებაა, რომელიც თავად იკვლევს გზას და ასე შეიმეცნებს სამყაროს, თვითონ მართავს თავისი შემეცნების განვითარების პროცესს. იგი ბუნებრივად ეგუება გარემოს და შემეცნებითი სტრუქტურების – სქემების საშუალებით გადაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას.
ორივე ფსიქოლოგის აზრით, გარემო მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში. პიაჟესთვის განმსაზღვრელი თავად სუბიექტია, ხოლო ვიგოტსკისთვის – გარემო, მაგრამ პიაჟეს სუბიექტს კონკრეტულ გარემოში უწევს საკუთარი შემეცნებითი უნარების განვითარება. ასე რომ, სასკოლო ასაკში მოზარდის განვითარებაზე გარემოს (პირდაპირ თუ ირიბად) მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ სივრცე, სადაც ბავშვი იზრდება, უნდა იყოს მისთვის კომფორტული, ჩვენთვის – რაციონალური.
სკოლაში, სადაც მე ვასწავლი, ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლების დიდი ნაწილი ორიენტირებულია, რომ სასკოლო ცხოვრება მოსწავლეთათვის გახდეს უფრო საინტერესო, კეთილგანწყობილმა გარემომ მოიზიდოს მოსწავლე სკოლაში ცოდნის და მისი პრაქტიკულად გამოყენების უნარების შესაძენად. ამ კუთხით ვახორციელებთ როგორც სასწავლო, ასევე აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს, კერძოდ –
სასწავლო დარგში:
მთელი სასწავლო წლის განმავლობაში კათედრის ფარგლებში ხორციელდება კათედრათაშორისი და საერთო სასკოლო მონიტორინგი სწავლა-სწავლების ეფექტურობის ამაღლების კუთხით; ვგეგმავთ და ვაანალიზებთ ყოველწლიურ გამოცდებს საფეხურების პრიორიტეტების გათვალისწინებით; ვთანამშრომლობთ მშობლებთან ამა თუ იმ საგანში მოსწავლის მხარდასაჭერი აქტივობების დაგეგმვის კუთხით; მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებასა და სრულყოფაზე.
სააღმზრდელო დარგში:
განვახორციელეთ სასკოლო პროექტები ძალადობის მინიმიზაციისათვის; საქველმოქმედო აქტივობები, რომელთა მიზანი მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებაა; მშობელთა ჩართულობისა და თემის გააქტიურების ხელშემწყობი ღონისძიებები; გაცდენა-დაგვიანების პრევენციისა და მინიმუმამდე დაყვანის ქტივობები, ვცდილობთ, შევქმნათ სკოლაში მშვიდი და თანამშრომლობითი გარემო.
თუმცა თვალნათლივ ჩანს, რომ სასურველ მდგომარეობამდე ჯერ კიდევ შორსაა: კვლავ გვყავს დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, მნიშვნელოვნად იკლო აგრესიის შემთხვევებმა, მაგრამ მაინც შეინიშნება, განსაკუთრებით საბაზო და საშუალო საფეხურზე; მოსწავლეებს ურთიერთობისათვის ურჩევნიათ სკოლის გარე სივრცე; მოსწავლეების მხრიდან ასევე აღინიშნება სკოლის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების მაგალითები. ყველა ჩამოთვლილ ქმედებასა და ქცევაზე სკოლა რეაგირებს დაუყოვნებლივ, ცდილობს სხვადასხვა აქტივობით მინიმუმამდე დაიყვანოს არასასურველი შედეგი და ქმედება. არ გვაქვს მოლოდინი, რომ აბსოლუტური დადებითი და ზედმიწევნით უნაკლო გარემოს შექმნა იყოს შესაძლებელი, თუმცა იმ ხარისხის რეაგირებას, რასაც სკოლა ახორციელებს უარყოფითი მაჩვენებლების აღმოსაფხვრელად, შედეგი უკეთესი უნდა მოჰყოლოდა.
დავგეგმეთ კომპლექსური კვლევა, რომელიც გაგვცემდა პასუხებს კითხვებზე: რა იწვევს სასკოლო ცხოვრების ერთგვარ სტაგნაციას მოსწავლეთა გადასახედიდან? რას შეცვლიდნენ XXI საუკუნის ახალგაზრდები სასკოლო სისტემაში იმისთვის, რომ სკოლა გახდეს მეტად სასურველი და მიმზიდველი ადგილი სწავლისთვის, ურთიერთობისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის განვითარებისათვის?
სასკოლო სუბიექტების კომპლექსურმა გამოკითხვებმა ასეთი შედეგი მოგვცა:
მოსწავლეებს ყველაზე მეტად აწუხებთ სასკოლო და საკლასო გარემო, რომელსაც არ მიიჩნევენ კომფორტულად;
არ მიიჩნევენ სახალისოდ სასწავლო პროცესს;
ვერ ხედავენ საკუთარ როლს და ფუნქციას სასკოლო ცხოვრების შეცვლის საქმეში;
მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას მიიჩნევენ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებელ პირებად;
მშობელი და მოსწავლე ამ პრობლემის მოგვარებაში მიაჩნიათ ნაკლებ მნიშვნელოვან რგოლებად.
მოსწავლეებთან კვლევითი ინტერაქციით დადგინდა:
დაბალია პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაბალია სასკოლო ცხოვრებაში თანამონაწილეობის შემთხვევაში სასიკეთო ცვლილებების მოლოდინები;
მოსწავლეებს შორის ურთიერთობის ხარისხი სასურველზე დაბალია;
მოსწავლეებს სკოლა მიაჩნიათ მხოლოდ კონკრეტული საგნების შესწავლისა და მასწავლებლებთან აკადემიური ურთიერთობების ადგილად;
ადმინისტრაციას აკისრებენ პრაქტიკულად ყველა ტიპის პასუხისმგებლობას და არ მიიჩნევენ მშობელთა ჩართულობას აუცილებლად.
მშობლების შეხედულება ასეთია:
მიიჩნევენ, რომ მათი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში სასიკეთო იქნებოდა, მაგრამ ამის განხორციელების ბერკეტები არ აქვთ (არ აქვთ დრო, მუშაობენ დილიდან საღამომდე);
მიაჩნიათ, რომ მათი შვილების წარმატება ძირითადად აკადემიური მოსწრებით განისაზღვრება;
სკოლა და მისი საჭიროება არის სახელმწიფო სტრუქტურების საზრუნავი, ხოლო მშობელს ნაკლები რესურსი აქვს რაიმეს შესაცვლელად;
მიესალმებიან სკოლის მიერ დანერგილ ყველა სიახლეს – განხორციელებულ პროექტებს, თუმცა განსაკუთრებით საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები მათში სუბიექტად ვერ მონაწილეობენ, არც დრო აქვთ და ვერც აუცილებლობას ხედავენ;
სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ კონკრეტული მშობლები დაწყებითი საფეხურიდან საბაზო საფეხურის ჩათვლით, იშვიათად საშუალო საფეხურზეც.
პედაგოგების მოსაზრებები ასეთია:
მიაჩნიათ, რომ მათი საქმიანობა ძალიან შრომატევადია, მოტივაცია – დაბალი;
დაბალი მოტივაცია ხელს უშლის მათ სასკოლო ცხოვრებაში სიახლეების განხორციელებასა და იდეების გენერირებაში;
მშობლებისა და მოსწავლეების ერთიანობის გარეშე შეუძლებელია სასკოლო ცხოვრების – გარემოს, სწავლის ხარისხისა და პოზიტიური დამოკიდებულების დანერგვა/გაუმჯობესება.
მიღებულმა შედეგებმა ნათელი სურათი გვაჩვენა, სად გვიჭირს, რა უნდა გავაუმჯობესოთ. ასევე აშკარაა, რომ პრობლემებს კომპლექსური და სისტემური ცვლილებები სჭირდება სახელმწიფოს, სკოლისა და ოჯახის როლის გათვალისწინებით. მაგრამ ვინაიდან ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, ჩვენ კი სწორედ ამ მაღალი ინტერესის გამო ჩავატარეთ კვლევა, მივიჩნიეთ, რომ სხვადასხვა მეთოდით წარმოჩენილი ნაკლოვანებებისა და სუსტი მხარეების გაანალიზების საფუძველზე დაგვეგეგმა ინტერვეციის აქტივობები, რომელთა მიზანი იყო:
სწავლებისა და აღზრდის საკითხებზე თანაბარი ზრუნვის ხელშეწყობა;
მოსწავლეთათვის სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ პოზიტიური განწყობის შექმნა არასტანდარტულ სასკოლო გარემოში;
ტრადიციული საგანმანათლებლო გარემოს შეცვლა მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის;
მოსწავლეთა თვითდამკვიდრების არაძალადობრივი საშუალებების ხელშეწყობა.
ამ კონკრეტული მიზნების მისაღწევად დავგეგემთ აქტივობები:
საკლასო და სასკოლო გარემოს შეცვლა; სასკოლო სივრცის – როგორც მყუდრო, კომფორტული და ყურადღებიანი გარემოს ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებები;
გაკვეთილზე მუშაობის ორგანიზების ფორმების გამრავალფეროვნება – კოლაბორაციული, თანამშრომლობითი გარემოს უზრუნველყოფა;
მოსწავლეთა მიერ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების შესახებ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების დამუშავება პროპორციული და ეფექტური უკუკავშირისათვის;
სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს შორის მჭიდრო, კეთილგანწყობილი და თანამშრომლობითი ურთიერთობის ხელშემწყობი ღონისძიებები;
პროფესიული ზონების მოწყობა მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით;
თემის/მშობლების გააქტიურების ღონისძიებები სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ამაღლებისათვის – გაკვეთილებზე მოწვევა, მათი პროფესიული გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებისათვის და სხვ.;
მასწავლებლების წამახალისებელი რეგულაციების დანერგვა სკოლაში – კონკურსები წლის საუკეთესო მასწავლებლის, საუკეთესო დამრიგებლის, ყველაზე კრეატიული მასწავლებლის პოზიციებზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კვლევისა და ვითარების შესწავლის ეტაპზე გამოვლინდა, არის ის, რომ მოსწავლეებს აქვთ მზაობა, შეცვალონ სასკოლო ცხოვრება უკეთესობისკენ, მხოლოდ ასეთ ცვლილებებს დამოუკიდებლად ვერ განახორციელებენ, მათ უფრო მეტი მონდომება და ინიციატივა სჭირდებათ ჩვენი მხრიდან. მოზარდი, რომელიც ჩვენი პასუხისმგებლობის სივრცეში ატარებს ყოველდღიურად რამდენიმე საათს, ჩვენს მოტივაციას ვერ გაზომავს, მას ახლა და აქ, სკოლაში, სჭირდება ჩვენი ყურადღება, სიახლეებისადმი ინტერესი, თბილი და ყურადღებიანი გარემო. იმისათვის, რომ საჯარო სკოლაში ცხოვრება უფრო საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ, დავიწყოთ დიაგნოსტირებით, ვეძებოთ მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის მოსწავლეს, აღიქვას სკოლა პირად სივრცედ, დავადგინოთ მისი დისკომფორტის გამომწვევი ფაქტორები, წავახალისოთ ბავშვის ნებისმიერი სასიკეთო წამოწყება და ინიციატივა, რაც აუცილებლად შეცვლის გარემოს თქვენს სკოლაშიც.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/86197-w:channel თინათინ მამულაშვილი. ლევ ვიგოტსკის სოციო-კულტურული თეორია;
ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე – „განვითარებისა და სწავლის თეორიები“.
სტატია III
სტატია II
_________________________________
სტატია I
საინტერესო სტატიებია, გმადლობთ
ReplyDelete