კოლეგებთან თანამშრომლობა

მასწავლებელთა VII კონფერენცია საუნივერსიტეტო კონფერენცია /10.11.2018
თემა - განმავითარებელი შეფასება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
მოხსენება : მოსწავლეთა ურთიერთშეფასების სტრატეგიები
მომხსენებელი: სსიპ- ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის მასწავლებელი
თამარ ქუთათელაძე
თანამედროვე სწავლა/სწავლების მიდგომა  მასწავლებლებისგან ითხოვს შეფასების სტრატეგიების კარგ ცოდნას, რათა სწორი შეფასების საფუძველზე მოსწავლემ პოზიტიური დამოკიდებულებით შეძლოს საკუთარი ხარვეზების გამოსწორება, უკეთესი შედეგების მიღწევა. ხოლო მასწავლებელმა კი  შეძლოს მოსწავლის დაინტერესება სასწავლო პროცესით, სწავლისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების განვითარება. მოსწავლის შედეგების  სწორად და ეფექტურად  შეფასებისათვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებაა საჭირო, ეს კი მასწავლებლებისგან ითხოვს მუდმივ თვითგანვითარებას, რადგან მნიშვნელობის თვალსაზრისით შეფასება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელშიც არის ხარვეზები.
განმავითარებელი შეფასების უპირატესობა სწავლის ხარისხთან მიმართებით თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემამ აღიარა და მის დახვეწას ვცდილობთ ჩვენც, პრაქტიკოსი პედაგოგები. უკუკავშირის ფორმებიდან ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი ის საშუალებებია, რომლებიც, როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის მხრიდან ითხოვს პოზიტიურ დამოკიდებულებას საკუთარი თავის თუ მოსწავლის მიმართ. პოზიტიური დამოკიდებულება კი სასწავლო პროცესის ყველა სუბიექტის მიმართ აღქმული უნდა იყოს, როგორც პროგრესზე ორიენტირებული ქცევა და არა თვითკმაყოფილებისკენ სწრაფვა. ყველაზე მეტად  მასწავლებლებს გვიჭირს საკუთარი პრაქტიკის ხარვეზების მიღება და შემდგომი ანალიზი. ამიტომაც ამ კუთხით სამუშაო თანამედროვე მასწავლებელს ძალიან ბევრი აქვს. განმავითარებელი შეფასების ფორმებიც ამ პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა გამოვიყენოთ.
პრიორიტეტებიდან გამომდინარე საკუთარ პრაქტიკაში ყველაზე მეტად ვიყენებ შემდეგ ფორმებს:
Ø  მასწავლებლის თვითშეფასება, რომლის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი სახის წარმატების მიღწევა, ის საუკეთესო განმავითარებელი შეფასებაა, პირველ რიგში, მასწავლებლის  მაქსიმალური  რეალიზაციის ინსტრუმენტია; მეორე და უმნიშვნელოვანესი, დღევანდელი საკუთარი ხარვეზების ანალიზი მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას ხვალინდელ გაკვეთილი დაგეგმოს მათ გარეშე, უკეთესად და საინტერესოდ.
Ø  მასწავლებლის მიერ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვება პედაგოგს აძლევს მოსწავლეთა შედეგების მიხედვით ისწავლოს სამუშაო პროცესის კორექტირება, თუნდაც ამისათვის მოუწიოს, უარი თქვას მის მიერ წლების განმავლობაში  გამოყენებულ ფორმებზე, მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე. მასწავლებელი ამ ტიპის მონიტორინგით ფეხს უწყობს სიახლეებს, ხდება მაძიებელი, ერგება მოსწავლეთა საჭიროებებს და უარს ამბობს თვითკმარობაზე.
Ø  მოსწავლისათვის მიცემული განმავითარებელი კომენტარი მის ეტაპობრივ, თავისუფალ, დემოკრატიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას გულისხმობს, რომლის დროსაც მან ზუსტად იცის, რომ დაშვებულ ხარვეზს „სასჯელად“ არ მოყვება დაბალი განმსაზღვრელი შეფასება.
ყველაზე ეფექტური კი მოსწავლეთა მიერ თვით და ერთმანეთისათვის მიცემული შეფასებებია, რადგან სხვა შეფასებაზე მეტად დინამიკური, მყისიერი და გულწრფელია.
Ø  სწავლის ხარისხზე მნიშვნელოვნად მოქმედებს მოსწავლეთა ურთიერთშეფასება, რომელიც განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მოსწავლეები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ერთმანეთის შეფასებისას, ამიტომ სწორი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების ინსტრუმენტების ძიება მასწავლებლის ფუნქციაა.
Ø  მოსწავლეთა თვითშეფასება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ობიექტური, სამართლიანი და შედეგზე ორიენტირებული მოქალაქის აღზრდას. მოსწავლეს უვითარდება უნარი, არა სხვისთვის, არამედ საკუთარი წარმატებისათვის შეაფასოს თავისი ნაშრომი, დაგეგმოს უკეთესი შედეგის მიღწევის გზები, რაშიც მასწავლებელმა უნდა შეუწყოს ხელი.
ასეთი ფორმები არსებობს, მათ აქტიურად იყენებენ მასწავლებლები გაკვეთილებზე, მაგრამ პირადი კონტაქტების და აზრთა ურთიერთგაზიარებისას მუდმივად დგება კონკრეტული ქმედებების, რჩევების, გამოცდილების გაზიარების პრობლემა. გვიჭირს, კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსწავლეს გაუქრეს ნიშანზე დამოკიდებულების სინდრომი და მასწავლებელი მხოლოდ იმაზე ფიქრობდეს, როგორ გახადოს მოსწავლისათვის სასწავლო პროცესი უფრო თავისუფალი, კომფორტული და შედეგიანი.
ყურადღებას შევაჩერებ მოსწავლეთა ურთიერთ და თვითშეფასების უპირატესობაზე სასწავლო პროცესში. გარდა იმისა, რომ მოზარდები ასეთი ფორმით სწავლობენ ჯანსაღ თვითკრიტიკულ აზროვნებას, ისინი იღებენ კორექტული და პატივისცემაზე მორგებული ურთიერთობის გამოცდილებას. იმისათვის, რომ გაკვეთილზე მასწავლებელმა ეფექტურად მართოს მოსწავლეთა ურთიერთ და თვითშეფასების პროცესი, საჭიროა  წინასწარი მომზადება და გათვლილი სტრტეგიების შეთავაზება მათთვის.
ჩემს პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ კითხვარებს, რომლებიც მოსწავლეებს აჩვევს კონსტრუქციულ, ობიექტურ დამოკიდებულებას თანაკლასელისა და საკუთარი ნაშრომის მიმართ. მათ იციან, რომ პროცესი გამჭვირვალეა და, რაც უმნიშვნელოვანესია, ასეთი ტიპის თანამშრომლობას აუცილებლად  მოჰყვება მასწავლებლის მხრიდან უკუკავშირი. მასწავლებელი კი გაკვეთილზე მიმდინარე პროცესის მონაწილეა, ამიტომაც, როგორც ჩემი მოსწავლეები ამბობენ, „არ ღირს ფაქტების გაყალბება“. ურთიერთშეფასებას წინ უძღვის ერთმანეთის მუშაობაზე დაკვირვება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სახით, მაგალითად, თხზულების ან მოკლე ჩანაწერების დასრულების შემდეგ ისინი ცვლიან რვეულებს, კითხულობენ ნაშრომებს, ასწორებენ მათ და ასაბუთებენ, რატომ მიიჩნიეს მეწყვილის ნაშრომში მოცემული ეპიზოდი (ან მთელი) შეცდომად.
ურთიერთშეფასების ამ ფორმაზე უფრო ეფექტურია მოსწავლეთა ჯგუფური აქტივობები, განსაკუთრებით კარგად ახერხებენ ერთმანეთის ქმედებათა შეფასებას ისეთ აქტივობებში მოაწილეობისას, როგორებიცაა, კვლევები და პროექტები, რადგან მათ შესასრულებლად საჭიროა ხანგრძლივი პერიოდი, შესაბამისად, ერთმანეთზე დაკვირვებისთვისაც მეტი დრო აქვთ, ობიექტურობის ხარისხიც უფრო მაღალია, სხვადასხვა გარემოში აკვირდებიან ერთმანეთს და დასკვნებიც უფრო ეფექტურია ხოლმე.
მოსწავლეთა ურთიერთშეფასების  ფართოდ გავრცელებულია კითხვარის ფორმა, მაგალითად:
მოსწავლეთა ურთიერთშეფასება
1.თანაგუნდელების  მოსაზრებებიდან საინტერესო იყო -----------------------------------2.მათ მოსაზრებებს არ ვეთანხმები იმაში, რომ -----------------------------------------------3. მოსაზრებებიდან ჩემთვის სიახლე იყო, რომ  ----------------------------------------------4.სიამოვნებით ვითანამშრომლებდი საკითხზე, რომელიც შეეხება------------------------
თუმცა უფრო ეფექტურად სწორედ იმ ტიპის ინსტრუმენტებს მივიჩნევ, რომელთაც თანამშრომლობის პროცესშივე შეუძლია შედეგის ჩვენება და მოსწავლეთა პოზიტიურ თანამშრომლობას უწყობს ხელს. ისინი სამუშაოს დასრულებამდე ასრულებენ შეფასებას, რადგან აზრთა გაცვლა-გამოცვლა დააფიქრებს მოსწავლეს, ვისი შეხედულებაა მისთვის უფრო მისაღები, საკუთარი თუ მეწყვილის? რისი სწავლა შეძლო მან მეგობრისგან ამ დავალების შესრულების დროს? დაკვირვების მიხედვით, დავალების შესრულების პროცესში ცვლის, ჩაანაცვლებს, შეავსებს საკუთარ ნაშრომს იმის მიხედვით, რა ურჩია მეწყვილემ ან ჯგუფის წევრმა. ასეთია, მაგალითად:
მოსწავლეთა თვითშეფასება  სამუშაო პროცესში მეწყვილის დახმარებით (№1)
1.როგორ შეცვლიდი ჩემი თხზულების უკანასკნელ აბზაცს? ------------------------------2.ჩამოთვლილი ვერსიებიდან ამარჩევინე ყველაზე შესაფერისი     ------------------------3.გადაამოწმე ჩემს ნაშრომში დასმული სასვენი ნიშნების მართებულობა----------------4.რა რჩევებს მომცემდი ჩემი ნაშრომის სრულყოფისათვის? -------------------------------
მოსწავლეთა თვითშეფასების პროცესი  შეიძლება რამდენიმე დღეც გაგრძელდეს და მას მუდმივი განვითარების, წრეზე მოძრაობის ეფექტი ჰქონდეს, რადგან ისინი ერთმანეთში ცვლიან ნაშრომებს. ასეთია, მაგალითად:
მოსწავლეთა თვითშეფასება  სამუშაო პროცესში მეწყვილის დახმარებით (№2)
1.ჩემს თხზულებაში მოცემულ  რომელ იდეას დაიცავდი? ---------------------------------2.რომელ მოსაზრებას აკლია არგუმენტი? -----------------------------------------------------3.დამეხმარე აზრის არგუმენტირებაში---------------------------------------------------------4.დამეხმარე სტილისტური ხარვეზების გასწორებაში --------------------------------------5.შეგიძლია გადმოსცე ჩემი მოსაზრება ვიზუალურად?-------------------------------------
ასეთი ტიპის თანამშრომლობა წრიულ სახეს ატარებს და მოსწავლეს აძლევს იდეათა გენერირების, საკუთარ პროგრესზე დაკვირვების საშუალებას.
ჩემს პრაქტიკაში კოლაბორაციული მუშაობის ფორმები ჭარბობს ინდივიდუალურს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს მოსწავლეებს ერთმანეთზე დაკვირვებისა და ერთმანეთისგან სწავლის უზარმაზარი სივრცე აქვთ. ისინი ყოველდღიურად აკრიტიკებენ ერთმანეთს, უსწორებენ ხარვეზს და ახალისებენ ყოველი ახალი იდეისთვის. დაწყებითი საფეხურისაგან განსხვავებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე პრაქტიკულად არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც კრიტიკული დამოკიდებულება აგრესიულად ყოფილიყო მიღებული. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში კი არის წყენის, შენიშვნის გამო გაბრაზების შემთხვევებიც, რაც დროთა განმავლობაში, თანამშრომლობის სტრატეგიების ხშირი გამოყენებისა  და მრავალფეროვნების შემთხვევაში იკარგება და პოზიტიურ ელფერს იძენს.
განვითარება მხოლოდ სოციუმშია შესაძლებელი შედარებით, დაკვირვებით, ჯანსაღი კრიტიკითა და მასწავლებლის მიერ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის მუდმივი დახვეწის საფუძველზე. განათლება, როგორც მდინარე, არ ჩერდება, დინამიკური და მუდმივად განახლებადი პროცესია, სადაც რეცეპტები არ  არსებობს, ამიტომ  ფანტაზია და გაბედული მცდელობებია საჭირო.


გამოყენებული ლიტერატურა:

http://mastsavlebeli.ge/?p=2450 მოსწავლეთა შეფასება

http://mastsavlebeli.ge/?p=10342 მოსწავლეთა ცოდნის ურთიერთკონკტროლი

No comments:

Post a Comment