ბლოგი მოიცავს, როგორც თამარ ქუთათელაძის, ასევე, სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მუშაობის პრინციპებს, მეთოდილოგიას, აქტივობებს, მოსწავლეთა ნაშრომებსა და მიმდინარე სიახლეებს სწავლა-სწავლების პროცესში. განკუთვნილია თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.
სასწავლო რესურსები
სასწავლო რესურსი - სასწავლო მეთოდი - პერსონაჟთა ქეისები
რესურსის ტიპი - ხელნაწერი
შექმნის დრო - 11.12.2018 - 01.04.2019
ავტორი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ქუთათელაძე
სკოლა - სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო
სამიზნე ჯგუფი - VII, X , XI კლასები
რესურსის შექმნის მიზანი - მოსწავლემ შეძლოს, თავად მიაგნოს პასუხებს, თუ რისი თქმა სურს ავტორს ნაწარმოებში კონკრეტული პერსონაჟის შექმნით, დააკვირდეს და ამოიცნოს გმირის ქცევის მოტივები, გაითავისოს მისი პრობლემები და წარმოიდგინოს საკუთარი თავი მის მდგომარეობაში. მისცეს მას კონკრეტული რჩევა და არგუმენტირებულად განმარტოს თავისი დამოკიდებულება. შექმნილი ქეისი გამოიყენოს პერსონაჟის დახასიათების დასაწერად.
მხატვრული ნაწარმოების გმირთან ასეთი კავშირი ავითარებს მოსწავლის აზროვნების სხვადასხვა მხარეს - კვლევის უნარს, მიმდინარეობს ერთმანეთზე დამოკიდებული საზროვნო პროცესები, რომლებსაც საბოლოო შედეგამდე მიჰყავს იგი:
მეტაკოგნიცია - მოსწავლე იწყებს ფიქრს ტექსტში გადმოცემული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ; სწავლობს კითხვების ფოკუსირებულად დასმას: რა? რატომ? რა მიზნით? რა იქნება შედეგი? რა იქნებოდა...? უკავშირებს მას საკუთარ გამოცდილებას და იწყებს პერსონაჟის ქცევის ინტერპრეტირებას;
ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება - წვდება პერსონაჟის გარემოს, რომელშიც იგი ცხოვრობს; აანალიზებს გმირის ქმედების წინაპირობებს;
პრაქტიკული აზროვნება - სწავლობს პერსონაჟის ხასიათის თავისებურებებს მაგალითებიდან გამომდინარე;
ინტუიციური აზროვნება - კრიტიკულად მიუდგება მის გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ დაანახვოს გმირს რამდენიმე ალტერნატიული გზა;
ლოგიკური აზროვნება - მოიფიქრებს და დაუგეგმავს რთულ ვითარებაში მყოფ პერსონაჟს გამოსავლის საუკეთესო ვარიანტს;
პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნება - მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ დაეხმარება რესოციალიზაციაში;
ხატოვანი (შემოქმედებითი) აზროვნება - უკეთ წარმოსახვისათვის მისცემს პერსონაჟს ფორმას - დახატავს, გამოძერწავს, შეუქმნის შესაბამისი გარემოს დიორამებს;
ცოდნის ტრანსფერი - პერსონაჟზე დაკვირვებით შეიძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელსაც გამოიყენებს პრაქტიკაში.
სასწავლო მეთოდის სიახლე - მეთოდის შექმნა განაპირობა მოსწავლეთა მხრიდან მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის აღქმის ზედაპირულობამ, მისი ხასიათის სიღრმისეული წვდომის ნაკლებობამ და პერსონაჟის დახასიათების არასრულფასოვნებამ. ვეცადე, მათთვის შემეთავაზებინა ისეთი აქტივობა, რომელიც რეგულარულ დაკვირვებას, დეტალებზე მუშაობასა და პერსონაჟის ხასიათის უკეთ წვდომის ელემენტებს მოიცავდა. ქეისსწავლების სხვა ფორმებისგან განსხვავებით, პერსონაჟის ქეისი არ მოიცავს მთელი ნაწარმოების, მასში დასმული პრობლემის ან მოვლენის ანალიზს, არამედ ყველა რაკურსით, მოვლენათა განვითარების კვალდაკვალ, აკვირდება კონკრეტულ პერსონაჟს და ყველაფერი, რაც ნაწარმოებში ხდება, მხოლოდ პერსონაჟის ქმედებაზე ზემოქმედების კუთხით აინტერესებს.
როგორც ყველა ხანგრძლივი სამუშაო, პერსონაჟის ქეისიც, პირველ რიგში, პრიორიტეტების წარმოჩენით უნდა დავიწყოთ. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ მთავარი პერსონაჟი ლუარსაბ თათქარიძე მოსწავლისათვის საინტერესო ობიექტია კვლევის თვალსაზრისით, რადგან ქეისის შექმნის დროს ბავშვი აუცილებლად აკვირდება გმირის სოციალურ გარემოს, სახლ-კარს, შეხედულებებს, ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს, დამოკიდებულებას საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ და ა.შ. ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ სწავლებისას პერსონაჟის ქეისის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს, მოსწავლეები დააკვირდნენ გმირების ქმედებებს, სოციუმის დამოკიდებულებას მათზე, მათი ემოციებისა და ფიქრის გათვალისწინებით მოსწავლეები ქმნიან მუცალის, ალუდა ქეთელაურის, მინდიასა და თემის პერსონალურ ქეისებს მხატვრულ ნაწარმოებში სიუჟეტის განვითარების კვალდაკვალ. ყველა ამ პროცესში პრიორიტეტული არის პერსონაჟი და მისი თვალით დანახული სამყარო.
გამოყენების ინსტრუქცია -
როგორ უნდა დავგეგმოთ და მოვამზადებინოთ მოსწავლეებს პერსონაჟის ქეისი?
რა საფეხურები უნდა გავიაროთ წარმატებულ შედეგამდე?
რით განსხვავდება იგი სხვა მსგავსი მეთოდებისაგან, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ პერსონაჟებზე მუშაობის დროს?
პერსონაჟის დახასიათებაზე მუშაობისას გამოყენებული ტრადიციული მეთოდებით მოსწავლეები აკვირდებიან:
• გმირის გარეგნობის, როგორც შინაგანი ბუნების გამოძახილს;
• მოქმედებებზე დაკვირვებით ხასიათის ძირითად თავისებურებებს;
• პერსონაჟის ემოციებსა და გრძნობებს;
• საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას;
• გმირის სოციო-კულტურულ გარემოს;
• ავტორის დამოკიდებულებას მის მიმართ;
• გმირის მიმართ სხვა პერსონაჟების დამოკიდებულებას და სხვ.
ასეთი მუშაობა მოსწავლისგან ითხოვს მთელი ტექსტის გააზრების შემდგომ მუშაობას, შესწავლილი ნაწარმოების მიხედვით გმირის ხასიათის ცვლილების შეფასებას. იგი ეფექტურად გამოიყენება სწავლების სხვადასხვა საფეხურზე და პერსონაჟის ხასიათის საერთო სურათის შექმნით ხელს უწყობს ტექსტის სიღრმისეულ ანალიზს ესგ-ის შესაბამისი მოთხოვნებითა და შედეგებით. თუმცა პერსონაჟის ქეისზე მუშაობის მთავარი და მნიშვნელოვანი თავისებურება სწორედ ტექსტის კვალდაკვალ, მოქმედების მსვლელობისას მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებაა, რომლის საფუძველზეც მოსწავლე პერსონაჟის კოგნიტურ სქემას ადგენს ქრონოლოგიურად, თანმიმდევრობით, ავტორის მიერ ჩაფიქრებული მოვლენათა განვითარების მიხედვით, კვლევა-ძიებით. მაგალითად, ალუდა ქეთელაურის მეტამორფოზის შესახებ მსჯელობისას მოსწავლეს შეუძლია დაალაგოს თანმიმდევრობით ის პროცესები, რომლებიც იწყებენ და ასრულებენ გმირის ფერისცვალებას. პერსონაჟის ქეისზე მუშაობა იწყება ნაწარმოების შესწავლის პირველივე გაკვეთილიდან და შემდგნაირად მიმდინარეობს:
• თავი I - მუცალთან შეხვედრის ეპიზოდი - "ახლა შენ იყოს, რჯულძაღლო..." - ალუდა ემოციურად ხვდება ღირსეული მტრის სიტყვებს, აღარ სურს ალუდასთვის მკლავის მოჭრა და არც მის იარაღს იღებს;
• თავი II - გზა სოფლისაკენ - მტრობის მოჯადოებული წრე - „შენ რომ სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ, მკვლელს არ შაარჩენს გვარია“; ალუდა ჰკიცხავს ყველას, ვისაც მტრობა ცხოვრების წესად აქვს;
• თავი II - "ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?" - ალუდა საკუთარ თავს უსვამს კითხვებს, რომლებიც აიძულებენ, კიდევ უფრო ღრმად იფიქროს საკუთარი ცხოვრების წესზე… და ა.შ. ამგვარად მოსწავლე მუშაობს მთელ ტექსტზე.
თითოეული ჩანაწერის ქვეშ არსებობს ველი - შენიშვნა, რომელიც მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასოს პერსონაჟის კონკრეტული ქცევა, სიტყვა, შეხედულება ან ემოცია. ასეთი სახით დაგროვებული ჩანაწერები საბოლოოდ ქმნის პერსონაჟის ცხოვრების არქივს, რომელზე დაყრდნობითაც მოსწავლეს უმარტივდება გმირის ფსიქო-ემოციური და სოციალური მდგომარეობის გადმოცემა, მაგალითებზე დაყრდნობით მსჯელობა, საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება თხზულებასა თუ ზეპირმეტყველებაში.
ქეისის სქემის ფორმა დამოკიდებულია მოსწავლის სურვილსა და შესაძლებლობაზე, მთავარია, იგი იყოს:
• თანმიმდევრობითი;
• ჰქონდეს შენიშვნის ველი;
• მინიშნებული იყოს მაგალითი (ციტატა);
• აუცილებლად იყოს მითითებული ნაწარმოების მონაკვეთი, რომელსაც განიხილავს მოსწავლე (გვერდი/თავი/სტროფი/სტრიქონი და ა.შ.).
• თავიანთი ნაშრომების გადამოწმება მოსწავლეებს შეუძლიათ საინტერესო სახით: არჩევენ წითელი და მწვანე ფერის სიმბოლოებს ( * - + ) , წითლად აღნიშნავენ გრაფა „შენიშვნას“, რომელსაც აღარ ეთანხმებიან და დაბლა წერენ ახალ, შესწორებულ ვერსიას. მწვანე ფერით აღნიშნავენ გრაფა „შენიშვნას“, რომელსაც ამატებენ ინფორმაციას ან კომენტარს, ასევე ჩამოაქვთ დაბლა „შენიშვნის“ ახალი ვერსია.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment