მშობლებთან თანამშრომლობა

იქ, სადაც განათლების სისტემა უკვე წარმატებულია, სკოლასა და საზოგადოებას შორის მტკიცე, მკაფიოდ გაწერილი და ბავშვის განათლებასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობაა. იმთავითვე არსებობდა ერთიანობის აუცილებლობის შეგნება თუ წარმატებულმა განათლების სისტემამ მოიტანა თანამშრომლობისა და შეთანხმებული ურთიერთობის ჩამოყალიბება?

ქართული რეალობისაგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა ძალიან მაღალია. ისინი მონაწილეობენ პრაქტიკულად ყველა საკვანძო – საფინანსოთი დაწყებული, გასვლითი გაკვეთილებით დამთავრებული – საკითხის გადაჭრაში, სკოლის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საკითხების რეგულირებაში, ჩვენი მშობლები კი, საუკეთესო შემთხვევაში, შორიდან აკვირდებიან სასწავლო პროცესს, თუმცა შვილის ინტერესების დაცვას და პედაგოგთა პროფესიონალიზმს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნების მშობლების მსგავსად ითხოვს. განსხვავება ქართველ და უცხოელ მშობლებს შორის საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ პასუხისმგებლობის ხარისხშია. მაგალითად, ბრიტანული სკოლის მოსწავლის მშობელს შვილის სასკოლო ასაკის დადგომასთან ერთად უჩნდება სკოლის მიმართ ურთიერთთანამშრომლობითი დამოკიდებულების განცდა – იღებს განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, მონაწილეობს სასკოლო ცხოვრების დაგეგმვაში, თუ შეუძლია, ფიზიკურად და ფინანსურადაც ეხმარება სკოლას, რათა მისი შვილის განათლება ზედმიწევნით იყოს უზრუნველყოფილი. სახელმწიფო უქმნის მშობელს თანაბარი ჩართულობის ხელშემწყობ პირობებს და წაახალისებს მას. ასე იქმნება ერთიანი, საერთო საქმეზე ორიენტირებული წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის ერთი ფრთა, რომელიც, სხვა საგანმანათლებლო სტრატეგიებთან ერთად, ხელს უწყობს მოზარდს, მიიღოს საუკეთესო განათლება.

ჩვენს ქვეყანაშიც არის მცდელობა, მშობლები სასკოლო ცხოვრებაში, კერძოდ, სამეურვეო საბჭოების მუშაობაში ჩაერთონ. კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭო განიხილავს, წყვეტს და ამტკიცებს სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს, აკონტროლებს და ზედამხედველობს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა შესრულებას, თუმცა სადავო აღარ არის, რომ საგანმანათლებლო სისტემის ეს რგოლი ჯერჯერობით სრულიად უეფექტოა. მშობლების როლი სამეურვეო საბჭოების მუშაობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ დირექტორთა არჩევნების დროს იზრდება. განა მხოლოდ სკოლის დირექტორის არჩევნები განსაზღვრავს სკოლის მუშაობის ეფექტურობას? რატომ მიაჩნია ქართველ მშობელთა უმეტესობას, რომ სკოლა მხოლოდ სახელმწიფოს საზრუნავია? რამდენი პრობლემის მოგვარებას შეძლებდა სკოლა მშობლების მეტი ჩართულობის პირობებში! საკუთარი როლისა და შესაძლებლობების გააზრება მშობლისთვისაც და მოსწავლისთვისაც გაცილებით წარმატებულს გახდიდა სასწავლო პროცესს. ხშირად ისმის მშობლების პრეტენზიები მასწავლებლის კომპეტენციის, სკოლის ადმინისტრაციის ან სასკოლო გეგმის მიმართ. უკმაყოფილება და წუწუნი საქმეს ვერ უშველის – მეტი ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. მაგრამ ამ ყველაფერს სურვილი სჭირდება. მშობელთა უმეტესობა უდროობას უჩივის, მაგრამ ყოველთვის არის კი ეს პრობლემა? ან წარმატებული ევროპული ქვეყნების მოსწავლეთა მშობლები არ მუშაობენ? ადამიანის ქმედებას მოტივაცია განსაზღვრავს, მაშასადამე, სურვილი და პასუხისმგებლობა რომ მეტი იყოს, მდგომარეობაც უკეთესი იქნებოდა…

No comments:

Post a Comment