2018/10/26

ორი სტრატეგია სამოდელო გაკვეთილებისათვის
8 ივნისი, 2018 დავით ჩივაძე
სამოდელო გაკვეთილების ჩასატარებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეფექტური სტრატეგიების შერჩევასა და გამოყენებას. ქვემოთ განხილულია ორი სასწავლო სტრატეგია, რომელთა გამოყენებას მინიმალური რესურსი სჭირდება, თუმცა მათ შეუძლიათ შეცვალონ რუტინული საკლასო გარემო და გააძლიერონ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა. მათი გამოყენება წარმატებით შეიძლება როგორც სამოდელო გაკვეთილებზე, ასევე, ყოველდღიურ საგაკვეთილო პრაქტიკაში, სოციალურ და ფილოლოგიურ მიმართულებებში.

„ცხოვრების საგზაო რუკა“
მოსწავლეებმა უნდა დახატონ ცნობილი ადამიანის, პერსონაჟის ცხოვრების რუკა, რომელზეც საგზაო ნიშნების გამოყენებით გამოკვეთილი იქნება ამ ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები. ეს სტრატეგია ეხმარება მოსწავლეებს უკეთ ჩაწვდნენ ისტორიული პირის თუ ლიტერატურული პერსონაჟის მახასიათებლებს; გარემოს, რომელშიც მას უხდებოდა მოღვაწეობა. სტრატეგიის დახმარებით მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტორებზე, რომლებიც პიროვნების გადაწყვეტილებებზე ახდენდნენ გავლენას. ამ ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება როგორც ადრე შესწავლილი მასალის გასამეორებლად, ასევე ცოდნის, უნარების შესაფასებლად.
სტრატეგიის ეტაპები:

მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციას პიროვნების შესახებ. სტრატეგიის გამოსაყენებლად მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია პიროვნებისა (ისტორიული პირი, ლიტერატურული პერსონაჟი და სხვ.) და კონტექსტის შესახებ, რომელშიც მას უხდებოდა მოღვაწეობა. ეს ინფორმაცია მოსწავლეებმა შეიძლება მიიღონ ნაწარმოების, თხზულების წაკითხვით, ფილმის ყურებით, დამოუკიდებელი კვლევით და ა.შ. სასურველია მოსწავლეებმა პიროვნების ცხოვრების საკვანძო მოვლენები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩანაწერის სახით მოამზადონ ან თუნდაც გრაფიკულად გამოსახონ (მაგ. ქრონოლოგიურ სკალაზე დაალაგონ).

გონებრივი იერიში მეტაფორის გამოყენებით: „ცხოვრება, როგორც მოგზაურობა“. მუშაობა მიმდინარეობს ჯგუფებში. სხვადასხვა ჯგუფებს შეუძლიათ როგორც ერთსა და იმავე, ასევე სხვადასხვა პიროვნებების საგზაო რუკებზე მუშაობა. რუკაზე მუშაობის დაწყებამდე პედაგოგი მოსწავლეებს ეუბნება, რომ პიროვნების ცხოვრება უნდა განიხილონ, როგორც მოგზაურობა. კერძოდ, მათ უნდა განიხილონ, რომელი საგზაო ნიშნების გამოყენება იქნება მართებული პიროვნების ცხოვრების ამა თუ იმ მომენტის ვიზუალური გამოსახვისათვის. გამოყენებული ელემენტები შეიძლება იყოს, მაგალითად, შუქნიშნები, ჩიხები, შემოვლითი გზები, გაჩერებები და სხვა. მოსწავლეებს უნდა მივცეთ საშუალება, იმსჯელონ (მაგ. წყვილებში) საგზაო ნიშნების გამოყენებაზე. მაგალითად, ჩიხი შეიძლება ნიშნავდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც არ მოგვცა სასურველი შედეგი; მწვანე ფერი კი იმას, რომ პიროვნების მოქმედებას გზა ხსნილი აქვს.

მოსწავლეები ადგენენ ცხოვრების საგზაო რუკას. მოსწავლეები ადგენენ ცხოვრების საგზაო რუკას ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში. სასურველია, ეს გაკეთდეს დიდ ქაღალდზე, რომელზეც მოსწავლეები პირველ რიგში გზას დაიტანენ. შემდეგ კი – საგზაო ნიშნებს. საგზაო ნიშნებზე მათ უნდა მიუთითონ იმ მოვლენების შესახებ, რომელთაც ესა თუ ის საგზაო ნიშანი შესაბამება. სასურველია, რუკაზე დაიტანონ ფაქტორები, რომლებიც პიროვნების გადაწყვეტილებებზე ახდენდა გავლენას, (მაგალითად შიში, ამბიცია და ა. შ). რუკაზე მუშაობის დროს, დასაშვებია, მოსწავლეებს მივცეთ ოთახში თავისუფლად გადაადგილებისა და თანატოლთა იდეების გაცნობის საშუალება.

შედეგების შეჯამება. დასკვნით ეტაპზე ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების საერთო საკლასო განხილვა. პედაგოგმა მოსწავლეებს ყურადღება უნდა გაამახვილებინოს ნამუშევრებს შორის მსგავსება-განსხვავებებზე. შეკითხვები შეიძლება შემდეგი ტიპის იყოს: „რა ფაქტორები ახდენდა გავლენას პიროვნების არჩევანზე?“, „რა ფაქტორები ეხმარებოდა მას წინსვლასა და სასურველი მიზნის მიღწევაში?“. პედაგოგმა მოსწავლეებს შეიძლება სთხოვოს შედეგების შეჯამება ესეის სახით.
ვარიაციები
პირადი ცხოვრების საგზაო რუკა: მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს აქტივობა საკუთარი ცხოვრების საგზაო რუკის შესადგენად. ეს სტრატეგია მათ საკუთარი ცხოვრების, სირთულეების, გამოწვევების, მიღწევების ანალიზში დაეხმარება, მეორე მხრივ კი, შესაძლებლობას მისცემს, შედეგები ერთმანეთს გაუზიარონ და ამ გზით უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.

განსხვავებული ინტერპრეტაციები პიროვნების ცხოვრების შესახებ: რამდენიმე მოსწავლე იმუშავებს პიროვნების საგზაო რუკის შედგენაზე. თანამშრომლობა გამოხატული იქნება პიროვნების კვლევაში, თუმცა ისინი დამოუკიდებლად იმუშავებენ საკუთარ საგზაო რუკებზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, დავადგინოთ, როგორ მოახდენენ მოსწავლეები პიროვნების ცხოვრების დეტალების ინტერპრეტირებას.

სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია საბაზო და საშუალო საფეხურზე, ძირითადად სოციალურ და ფილოლოგიურ საგნებში. სტრატეგიის ძლიერ მხარეებად შეიძლება შეფასდეს:

მოსწავლეებისთვის პიროვნების (ისტორიული, ლიტერატურული) ცხოვრების საკვანძო მომენტების გააზრების გაიოლება;
წარმოსახვითი უნარების გააქტიურება;
მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, თანამშრომლობითი უნარების დახვეწა.
სტრატეგიის ძირითადი პრობლემა შეიძლება იყოს ცალკეულ მოსწავლეთა მხრიდან ზედაპირული დამოკიდებულება, ძირითადი საკითხიდან ყურადღების სხვა თემაზე გადატანა. მასწავლებელმა, მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს უნდა მისცეს მკაფიო ინსტრუქციები და ყურადღებით დააკვირდეს მუშაობის პროცესს.
სტრატეგიების გამოყენების შემდეგ აუცილებელია, მასწავლებელმა გააკეთოს შედეგების ანალიზი, შეაფასოს ძლიერი და სუსტი მხარეები და გაითვალისწინოს ის შემდგომი გამოყენების დროს. ინოვაციური სტრატეგიების სასიკეთოდ წაადგება საგაკვეთილო პროცესს და გაზრდის სწავლების პროდუქტიულობას.
გამოყენებული მასალები:

https://www.facinghistory.org
http://www.ascd.org/Default.aspx
დავით ჩივაძე
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლა.

No comments:

Post a Comment